fbpx

ბავშვის მიჯაჭვულობა, მითები და რჩევები

გაზიარება

მიჯაჭვულობა არის უნიკალური ემოციური კავშირი, რომელიც ყალიბდება ბავშვსა და მის ძირითად მზრუნველს შორის. ის ბავშვის სოციალური, ემოციური, ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების აუცილებელი პირობაა. ასხვავებენ მიჯაჭვულობის ორ ტიპს: სანდოდ მიჯაჭვულობა და არასანდოდ მიჯაჭვულობა. 

სანდოდ მიჯაჭვულობა გულისხმობს მყარი ემოციური კავშირის არსებობას, რომელიც ჩვილს უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდას უყალიბებს. როდესაც მზრუნველი თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანია, სწრაფად და თანმიმდევრულად რეაგირებს ბავშვის საჭიროებებზე, ბავშვი სწავლობს, რომ მის გვერდით ყოველთვის არის სანდო ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს. სანდოდ მიჯაჭვული ბავშვები იზრდებიან უფრო დამოუკიდებლები, ინიციატივიანები და წარმატებულები.

არასანდო მიჯაჭვულობა ყალიბდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის საჭიროებებს დროულად და სათანადოდ არ პასუხობენ. ასეთ შემთხვევაში, ბავშვი სამყაროს აღიქვამს არასანდო ადგილად და აღარ ცდილობს ემოციური კავშირის დამყარებას მზრუნველთან, რადგან მის მცდელობებს შედეგი ყოველთვის არ მოჰყვება. არასანდო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებს, შესაძლოა ჰქონდეთ ემოციური ან ქცევითი სირთულეები მოზრდილობაში. 

როგორ ყალიბდება სანდოდ მიჯაჭვულობა?

მიჯაჭვულობის პროცესი ინტერაქტიული და დინამიურია. თქვენ და თქვენი პატარა მუდმივად ცვლით არავერბალურ, ემოციურ მიმანიშნებლებს, რომლებიც მას თავს უსაფრთხოდ და მშვიდად აგრძნობინებს. დაბადებიდან პირველ დღეებშიც კი, ჩვილი განსაკუთრებულად რეაგირებს თქვენს ხმის ტემბრზე, ინტონაციაზე, ჟესტებსა და ემოციებზე და თავადაც გიგზავნით სიგნალებს – ტირილის, ღიმილის, სიცილის, ღუღუნის ან ხელის გაშვერის სახით.  ამის საპასუხოდ, თქვენ აკვირდებით მის ქცევას და ხვდებით რა სჭირდება ბავშვს – საკვები, ძილი თუ მოფერება. ასეთი წარმატებული არავერბალური კომუნიკაცია ქმნის სანდოდ მიჯაჭვულობას.

როდესაც ბავშვი სანდოდ მიჯაჭვულია, ის:

  • თავს კარგად და დაცულად გრძნობს
  • მოსწონს ადამიანების გარემოში ყოფნა
  • ცდილობს ემოციის გაზიარებას
  • ადვილად მშვიდდება გაღიზიანების შემდეგ

რჩევები სანდო მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად

მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია. დროის გასვლასთან ერთად, თქვენ უფრო ადვილად ამოიცნობთ ბავშვის საჭიროებებს, მის მიერ მოცემულ სიგნალებზე დაკვირვებით.

რჩევა #1: ისწავლეთ ბავშვის მიერ მოცემული მიმანიშნებლების ამოცნობა

ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური თავისებურებები. ზოგიერთი ბავშვი მშვიდდება მუსიკის ან რაიმე ხმაურის ფონზე, ზოგი ამჯობინებს სიჩუმეს. მთავარია, დააკვირდეთ და გაიგოთ, რა მოსწონს თქვენს პატარას და ირეაგიროთ შესაბამისად. დააკვირდით:

  • ბავშვის სახის გამომეტყველებას, მიმიკებს და სხეულის მოძრაობას – რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული მოძრაობები?
  • სხვადასხვა ხმებს, რომლებსაც ბავშვი გამოსცემს და დააკავშირეთ ის კონკრეტულ საჭიროებებთან
  • როგორ გარემოში მოსწონს ყოფნა და ეცადეთ შექმნათ სწორედ ასეთი გარემო
  • რა ტიპის შეხება მოსწონს?

რჩევა #2: კვება და ძილი 

ბავშვის მიერ მოცემული მიმანიშნებლების უმეტესობა კვების ან ძილის მოთხოვნილებებს უკავშირდება. ხშირად, ბავშვი დაღლას გამოხატავს მოჭარბებული აქტიურობით, რამაც შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, რომ მას თამაში უნდა. შიმშილი ასევე იწვევს ცვლილებებს ბავშვის ქცევაში, რის გამოც შესაძლოა დაგჭირდეთ ცვლილებების შეტანა წინასწარ განსაზღვრულ კვების გრაფიკში.

რჩევა #3: ისაუბრეთ, იცინეთ და ითამაშეთ ბავშვთან ერთად

ღიმილი, სიცილი, შეხება და თამაში ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტებია ბავშვის განვითარების, როგორც კვება და ძილი. თქვენი სხეულის ენა, ხმის ტემბრი და თბილი შეხება ქმნის ჯანსაღ ემოციურ გარემოს თქვენი პატარასათვის.

როდესაც ამჩნევთ, რომ ბავშვს თამაში უნდა, გამოყავით დრო მასთან დროის გასატარებლად. სათამაშოები და წიგნები კარგი საშუალებაა მის გასართობად, მაგრამ ხშირად სასაცილო ხმების და სახეების მიღება და „ჭიტას“ თამაში სრულიად საკმარისია. თუმცა გაფრთხილდით, ხანდახან ბავშვები თამაშითაც იღლებიან.

რჩევა #4: არ არის აუცილებელი, იყოთ იდეალური

ხანდახან იქნება შემთხვევა, როდესაც თქვენ ვერ შეძლებთ ბავშვის საჭიროების ამოცნობას და მის დაკმაყოფილებას. არ იდარდოთ, რადგან სანდო მიჯაჭვულობას ქმნის თქვენი დამოკიდებულება და მზრუნველობის ხარისხი ბავშვის მიმართ და არა ცალკეული შემთხვევები.

მითები მიჯაჭვულობის შესახებ

მითი: სანდოდ მიჯაჭვულობა და სიყვარული ერთი და იგივეა.
რეალობა: ბავშვის სიყვარული არ არის საკმარისი პირობა სანდო მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის საჭიროა, ბავშვის საჭიროებების თანმიმდევრული და დროული დაკმაყოფილება, ემოციური მხარდაჭერა და მშობლის მიერ საკუთარი სტრესის მართვა.

მითი: ბავშვის საჭიროებების მუდმივი დაკმაყოფილება გაათამამებს მას.
რეალობა: პირიქით, რაც უფრო მეტად რეაგირებთ თქვენი ბავშვის საჭიროებებზე, მით უფრო ნაკლებად გათამამდება ის. მიჯაჭვულობა ქმნის ნდობას და ბავშვი, რომელიც სანდოდ მიჯაჭვულია ვითარდება უფრო დამოუკიდებლად.

მითი: ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მიჯაჭვულობა ერთზე მეტ ადამიანთან.
რეალობა: ბავშვები ამყარებენ სანდო მიჯაჭვულობას მხოლოდ ერთ ადამიანთან – ადამიანთან, რომელიც ყველაზე დიდ დროს ატარებს ბავშვზე ზრუნვაში. თუმცა, თბილი ემოციური კავშირი ყალიბდება ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში.

მითი: ჩვილის ემოციური კავშირი მზრუნველთან გენეტიკურადაა განსაზღვრული.
რეალობა: კვლევები არ ადასტურებს მიჯაჭვულობის „სისხლით ნათესაობით“ განპირობებულობას.

5 2 ხმები
სტატიის შეფასება
გამოიწერეთ
შემატყობინე
guest
2 კომენტარი
ძველი
უახლესი ხმების რაოდენობა
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა
ნინო
ნინო
6 თვეები წინ

დიდი მადლობა კარგი სტატიაა! ბევრი რამე ვისწავლე… ჩემი გოგო ჩემზეა მოჯაჭვული, ვერ ძლებს უჩემოს <3

ლილი-ნათია
ლილი-ნათია
6 თვეები წინ

კარგი იყო…

2
0
გაგვიზიარეთ თქვენი აზრებიx
()
x

გამოგვყევი ფეისბუქზე! არ გამოტოვო სიახლეები!