fbpx

როგორ გავუმკლავდეთ არასასურველ რჩევებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით

გაზიარება

ყველა მშობელი განიცდის გაღიზიანებას და იმედგაცრუებას, როდესაც არასასურველ რჩევებს იღებს ბავშვის მოვლასა თუ აღზრდასთან დაკავშირებით. თუ თქვენ ახალბედა მშობელი ხართ, ასეთი შემთხვევები უფრო ხშირი იქნება. 

ეცადეთ გააცნობიეროთ, რომ თქვენი შვილი მნიშვნელოვანი და ძვირფასია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მასზე მზრუნველობა აკისრია. ასეთი ემოციური კავშირის არსებობა, ხშირად უბიძგებს ადამიანებს გადაჭარბებული ყურადღების გამოჩენისაკენ და ხშირად მათი მიზანი არა თქვენი კრიტიკა, არამედ ბავშვის კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. ამის გააზრება დაგეხმარებათ იმაში, რომ მშვიდად და კონსტრუქციულად უპასუხოთ „მრჩეველის“ მომაბეზრებელ დარიგებებს, თანაც ისე, რომ არც მას აწყენინოთ. 

არსებობს არასასურველ რჩევებზე რეაგირების რამდენიმე გზა:

მოუსმინეთ: 

თავდაცვა ბუნებრივი რეაქციაა, როდესაც გვაკრიტიკებენ, მაგრამ დაფიქრდით – არის კი ეს კრიტიკა? იქნებ მრჩეველს უბრალოდ საკუთარი გამოცდილების გაზიარება სურს. ეცადეთ მოუსმინოთ, იქნებ რაიმე სასარგებლო გაიგოთ.

არ მიაქციოთ ყურადღება: 

თუ ხვდებით, რომ მრჩეველთან კამათს აზრი არ აქვს, რადგან მაინც ვერაფერს გააგებინებთ, უბრალოდ გაიღიმეთ, თავი დაუქნიეთ და გაეცით ნეიტრალური პასუხი – „საინტერესო რჩევაა“, „ვეცდები გავითვალისწინო“, „მესმის, რასაც ამბობ“.

დაეთანხმეთ: 

შეიძლება ყველაფერში არ ეთანხმებოდეთ თქვენს მრჩეველს, მაგრამ თუ მისი რჩევის მცირე ნაწილი მაინც მიგაჩნიათ გასათვალისწინებლად,  აუცილებლად გაამახვილეთ ამაზე ყურადღება და გულითადად დაეთანხმეთ მოსაზრების სისწორეში.

განასხვავეთ საკამათო საკითხები: 

თუ თქვენი მრჩეველი გთხოვთ, რომ ბავშვს ქუდი დააფაროთ სასეირნოდ გასვლისას, უბრალოდ აიღეთ ქუდი და დააფარეთ. ასეთ დათმობას ხანგრძლივი შედეგები არ ექნება, მას კი აგრძნობინებთ, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, არ დათმოთ ადვილად პოზიციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც ბავშვის ჯანმრთელობას ან კეთილდღეობას უკავშირდება.

თავი აარიდეთ: 

თუ მრჩეველი გარწმუნებთ, რომ არ მიაქციოთ ბავშვის ღამით ტირილს ყურადღება და უბრალოდ ძილი გააგრძელოთ, თქვენ კი ზუსტად იცით, რომ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, უბრალოდ აღარ იწუწუნოთ ამ ადამიანთან იმის შესახებ, რომ ღამით ხშირად გიწევთ ადგომა ბავშვის დასაწყნარებლად.

აიმაღლეთ ცოდნა: 

ცოდნა ძალაა. იკითხეთ ბევრი და მიიღეთ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან. საჭიროების შემთხვევაში, დაიცავით თქვენი პოზიცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით.

აუმაღლეთ ცოდნა სხვებს: 

თუ თქვენი მრჩეველი გაძლევთ რეკომენდაციას, რომელიც იცით, რომ მოძველებულია, გაუზიარეთ მას თქვენ მიერ შეძენილი ახალი ცოდნა და გააცანით თქვენ მიერ წაკითხული წიგნი, სტატია თუ კვლევა. ამით აამაღლებთ მის ცნობიერებას.

ითხოვეთ რჩევა: 

ნამდვილად იარსებებს საკითხები, რომელშიც თქვენს მრჩეველს დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს. აღმოაჩინეთ ეს სფეროები და ითხოვეთ რჩევა. ის ბედნიერი იქნება იმით, რომ გეხმარებათ. თქვენ კი თავიდან აიცილებთ არასასურველ დარიგებებს.

მოამზადეთ სტანდარტული პასუხი: 

მოიფიქრეთ, ნეიტრალური, კონსტრუქციული პასუხი, რომელიც ყველა მომაბეზრებელ რჩევასთან დაკავშირებით გამოგადგებათ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ. მაგ: „შეიძლება რაიმეს არასწორად ვაკეთებ, მაგრამ მე ასე უფრო მიადვილდება“. არ მისცეთ ემოციებს საშუალება, რომ სიტუაცია კონფლიქტში გადაიზარდოს.

5 2 ხმები
სტატიის შეფასება
გამოიწერეთ
შემატყობინე
guest
0 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა
0
გაგვიზიარეთ თქვენი აზრებიx
()
x

გამოგვყევი ფეისბუქზე! არ გამოტოვო სიახლეები!