fbpx

ემოციური აფეთქება ბავშვებში. რა უნდა გავითვალისწინოთ?

გაზიარება

ემოციური აფეთქება არის ტიპური ქცევა ბავშვებისათვის, რომელიც ვლინდება ტირილით, ყვირილით, ჭირვეულობით, იატაკზე დაწოლით, დაუმორჩილებლობით და წარმოადგენს საპასუხო რეაქციას გარეშე გამღიზიანებლებისადმი.

ემოციური აფეთქება ხდება მაშინ, როდესაც ემოციებზე პასუხისმგებელი ტვინის ნაწილი განიცდის ზედმეტ აგზნებას. ბავშვებისათვის ემოციური აგზნება ბუნებრივი მოვლენაა და წარმოიქმნება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების და სურვილებისაგან. ზედმეტი სტიმულაცია, გადაღლა ან შიმშილი ასევე შეიძლება გახდეს ასეთი ქცევის მაპროვოცირებელი ფაქტორი. გადაღლილობის დროს, ჩვენი სხეული გვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში იმით, რომ გამოყოფს ადრენალინს და კორტიზოლს. ამგვარად, იმის ნაცვლად, რომ წყნარად იჯდეს, გადაღლილი ბავშვი ხდება მოუსვენარი და ჭირვეული.

გარდა ამისა, გაღიზიანების შედეგად, ბავშვი განიცდის ისეთ ემოციებს, რომელთა გაკონტროლებაც ჯერ არ შეუძლია. ისევე როგორც, არ შეუძლია ემოციების ვერბალურად გამოხატვა. შესაბამისად, ნეგატიური ემოციებისგან დაცლის ერთადერთი საშუალება ემოციური აფეთქებაა. გამოდის, ბავშვების ემოციური აფეთქება იმის მანიშნებელია, რომ მათ აღარ შეუძლიათ საკუთარ ემოციებთან მარტოს გამკლავება და ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

თუ თქვენ სწორად მოახდენთ ემოციური აფეთქების დროს რეაგირებას, ის შეიძლება სასარგებლოც კი იყოს ბავშვის განვითარებისათვის. სწორად მართული ემოციური აფეთქების შემდეგ, ბავშვმა უკვე ცოტათი მეტი იცის ემოციების მართვის შესახებ. ემოციების მართვა კი დაკავშირებულია კარგ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, ჯანსაღ სოციალურ ურთიერთობებთან და წარმატებასთან მომავალში.

ასე რომ, გახსოვდეთ, რომ ემოციური აფეთქება არა მხოლოდ ნორმალურია, არამედ ეხმარება ბავშვებს სოციალურ-ემოციურ განვითარებაში. ბავშვების მხარდაჭერა ამ პროცესში არის მშობლებისა და მასზე მზრუნველი ადამიანების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია.

ემოციური აფეთქების პრევენცია

რადგან ემოციური აფეთქების მთავარი მიზეზი, ზედმეტი ემოციური აგზნებაა, კარგი იქნება, თუ თქვენ შეძლებთ ბავშვის საჭიროებების ამოცნობას და მათ დაკმაყოფილებას. იმისათვის, რომ აირიდოთ თავიდან ემოციური აფეთქება, გაითვალისწინეთ: 

  • გქონდეთ მკაცრად გაწერილი რუტინა. წინასწარ განსაზღვრეთ გაღვიძების, საუზმის, შუა დღის ძილის, ღამის ძილის დრო და მაქსიმალურად შემაცირეთ გადახვევები ჩვეული რეჟიმიდან. ასეთი პროგნოზირებადი გარემო მისცემს ბავშვს სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნებას და ხელს შეუშლის ემოციური აფეთქების წარმოქმნას.
  • ეცადეთ აარიდოთ ბავშვი ისეთ სიტუაციებს, რომლებიც მისთვის მოწყენილობის, გაბრაზების ან იმედგაცრუების მომტანია. ამისათვის, კარგად დააკვირდით, როგორი სიტუაციები და სტიმულებია სასიამოვნო თქვენი პატარასათვის და რა იწვევს მის გაღიზიანებას.
  • ემოციური აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს სენსორულმა გადატვირთვამ – ზედმეტმა სტიმულაციამ, როგორიცაა ხმაური, განათება, ტემპერატურა, სპეციფიკური გემოს მქონე პროდუქტის გასინჯვა და სხვ. ეცადეთ თავიდან აირიდოთ ასეთი გადატვირთვები.
  • გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება და სითბო ბავშვის მიმართ მაშინ, როდესაც მშვიდადაა და არ ჭირვეულობს, ამით განუმტკიცებთ მას სასურველ ქცევას.

რეკომენდაციები

ცხადია, არ არსებობს უნივერსალური მეთოდები, რომელთა გამოყენებაც სრულიად დაგვიცავს ემოციური აფეთქების გამოვლენისაგან. ხანდახან, აუცილებლად მოგიწევთ ბავშვის ასეთ ქცევასთან გამკლავება. ამისათვის კი გაითვალისწინეთ შემდეგი: 

სცადეთ ყურადღების გადართვა

სცადეთ ბავშვის ყურადღების გადართვა  რაიმე საინტერესო სათამაშოზე ან ნივთზე გარემოში, წამოიწყეთ სასაცილო სიმღერა ან მიიღეთ სასაცილო სახე. თუმცა გახსოვდეთ, რომ თუ ბავშვმა კონკრეტული სათამაშოს ან ნივთის მისაღებად წამოიწყო ტირილი, ყურადღების გადასართავად არ გამოიყენოთ ეს სათამაშო. 

უთანაგრძნეთ

შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს ემოციური ბალანსის აღდგენაში ჩახუტებით ან შეხებით. გამოიყენეთ მარტივი ფრაზები, როგორიცაა – „ვიცი რასაც განიცდი“, „ალბათ ძალიან გაბრაზდი“. ამით ბავშვი ხვდება, რომ ის უსაფრთხო გარემოშია და მისი ესმით. 

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ უსაყვედუროთ

ემოციური აფეთქების დროს ბავშვთან კამათი, რაიმეს მტკიცება, მისი განსჯა ან ჭკუის სწავლება, უბრალო დროის კარგვაა. შესაძლოა ამით უფრო გაზარდოთ ემოციური აგზნების დონე და გაამწვავოთ სიტუაცია. თუ გაბრაზდებით და ყვირილს დაიწყებთ, ამით  მხოლოდ გაამწვავებთ ბავშვისათვის ისედაც სტრესულ მოცემულობას.

არ დასაჯოთ

თუ ბავშვის ემოციურ აფეთქებას უფროსების მხრიდან ნეგატიური რეაგირება მოჰყვება, ბავშვმა შესაძლოა შეწყვიტოს ტირილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებულია. წარმოიდგინეთ, რომ ტკივილს განიცდით, კიდევ ახალი ტკივილის დამატება მოაგვარებს პრობლემას? რა თქმა უნდა, არა. ეს ჭრილობაზე ჭრილობის დამატებას ემსგავსება. გარდა ამისა, ბავშვს აფიქრებინებთ, რომ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ენდოს და დაეყრდნოს, როდესაც რაიმე სტკივა ან აწუხებს.

თუ ადრეულ ასაკში ბავშვი ისწავლის, რომ ძლიერი ემოციების გამოხატვას ბრაზი ან სასჯელი მოჰყვება, მოზრდილობაში ვეღარ შეძლებს მსგავსი ემოციების სწორი ფორმით გამოხატვას – შეიკავებს მათ ან უკონტროლოდ ამოხეთქავს. 

არ მისცეთ მანიპულაციის საშუალება

შედარებით უფროსი ასაკის ბავშვები, ხშირად მიმართავენ მსგავს ქცევას რაიმე სასურველის მისაღებად. თუ თქვენ უყიდით შოკოლადს ან სათამაშოს მას, რათა შეწყვიტოს ტირილი, ის აუცილებლად დაისწავლის ამ არასასურველ ქცევას, როგორც სასურველის მიღების საშუალებას. თუ ერთხელ დანებდებით და ბავშვი სასურველს მიაღწევს, ასეთი ქცევა კვლავაც განმეორდება. შეგიძლიათ მშვიდად უთხრათ – „ვიცი, რომ ძალიან გინდა შოკოლადი, მაგრამ ახლა ვერ ვიყიდით“.სტრატეგიის არჩევამდე, მნიშვნელოვანია გაარჩიოთ, რასთან გაქვთ საქმე, ემოციურ აფეთქებასთან, რომელიც ემოციური გადატვირთვის შედეგია თუ მანიპულაციურ ქცევასთან, რომლის მიზანიც რაიმეს მიღებაა. 

5 2 ხმები
სტატიის შეფასება
გამოიწერეთ
შემატყობინე
guest
0 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა
0
გაგვიზიარეთ თქვენი აზრებიx
()
x

გამოგვყევი ფეისბუქზე! არ გამოტოვო სიახლეები!